1728312638
პატრიარქმა მიშას მიწერა, ახალ რეალობას შეეგუე და სულიერი სიმტკიცე მოიკრიბეო - თამარ ჩერგოლეიშვილი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს პოლიტიკურ წრეების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ეხმიანება.
სოციალურ ქსელში, ილია II-ის გზავნილი შეაფასა “ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც: “პატრიარქმა მიშას მიწერა, ახალ რეალობას შეეგუე და სულიერი სიმტკიცე მოიკრიბეო. ანუ ცოტა “დასტოინად” მოიქეციო - მე ასე გავიგე. ვინც სხვანაირად გაიგო, მეც გამაგებინოს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა. თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.