პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას.

ორგანულ კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი დაექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.