პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადების საკითხებს უკავშირდება

არჩილ გორდულაძე

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით 8-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ასევე, სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს, რომელთა მიზანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა უწყებებში/ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება იქნება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

როგორც მომხსენებელმა, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კონსულტაციების შემდეგ მიზანშეწონილად ჩაითვალა, ცვლილება ასევე განხორციელდეს კანონის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში, რითაც დადგინდება, რომ მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

„აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია ასევე დადგინდეს ამ კანონის 29-ე, 30-ე და 33-ე მუხლებიდან გამონაკლისი ან დამაზუსტებელი შემთხვევები. ასევე, გადაწყდა, კანონპროექტს მეორე მუხლის სახით გარდამავალი დებულება დაემატოს, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს საქართველოს 2026 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაზღვრული საშტატო სრული ოდენობა.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.