1751482605
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება.
მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე ოდენობით კანაფის – ათ გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალის ხუთ გრამამდე, ხოლო ნედლის ათ გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში, შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანაფის შემთხვევაში, ათი გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში ხუთი გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში ათი გრამიდან 150 გრამამდე შეძენა, შენახვა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას – გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე შეძენა-შენახვას, გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.
განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას – გამომშრალის შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.