ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა
1741988330
ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი - ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მომმართა, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ რიგგარეშე სხდომა. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი.
ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია. ვწუხვარ, რომ ასე შორს არიან ოპოზიციის ეს წარმომადგენლები რეგლამენტისგან. იცით, რომ პრეზიდენტმა არ ჩანიშნა სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს სხდომას, 48 საათია ამასთან დაკავშირებით [განსაზღვრული].
ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი.
რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოეწვია.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.