პაპუაშვილი: ცდილობდნენ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები

შალვა პაპუაშვილი

ცდილობდნენ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინაშე იყენებდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა იმაზე, რომ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს „ქრონიკამ“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რის პასუხადაც თავდასხმა მიიღო, ევროკავშირის ელჩი კი ჟურნალისტებს დაემალა.

„ზოგიერთს ჰგონია, პატარები რომ ვართ, ჩვენთან ყველაფრის კისრება, დაბრალება შეიძლება. საქმე საქმეზე რომ მიდგა და საქმე დიდთან [აშშ-სთან] გაუხდათ დასაჭერი, ვხედავთ, რა სცენა დაიდგა აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თავის მაგიდასთან იჯდა ხოლო მეორე მხარეს ჩამწკრივებულები იყვნენ ევროპელი ლიდერები. ვფიქრობ, ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს - სად მიიყვანეს ევროპელმა ლიდერებმა ორგანიზაცია, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ერთ დროს იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა - 25% ჰქონდა და დღეს არის ჩამოსული 14%-მდე. ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ევროკავშირის ხელმძღვანელობა, როგორც ლიდერშიპი, ისე ლიდერები ცალკეულ ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებსაც რეალური პოლიტიკური გავლენა აქვთ ევროკავშირზე.

ევროკავშირი რომ ცდილობდა ჩვენს გაჩუმებას, რომ კრიტიკა არ გასულიყო მათ მოქალაქეებში, ანტიდემოკრატიულობას და ანტიევროპულობას გვაბრალებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკა. ცდილობდნენ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინაშე იყენებდნენ. რამდენიმე წელია ამაზე ვსაუბრობთ, ამ მხილების გამო ვიტანთ ზეწოლას და თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან და დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია. ვეღარავინ ბედავს მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. რამდენიმე დღეა ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ გავეკრიტიკებინეთ? იციან, იტყვიან რაღაცას, გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მერე მათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს „ქრონიკამ“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზედაც პასუხად თავდასხმა მიიღო. ევროკავშირის ელჩმა კი ღონისძიება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.