პაპუაშვილი ერმაკის ჩხრეკაზე: უკრაინას არა თუ ომის დაწყებისა და დამთავრების გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ გაუშვან. ეს არის ტრაგედია, რომ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ეგიდით სუვერენიტეტი სრულად დათმეს

შალვა პაპუაშვილი

დღეს უკრაინას არა თუ ომის დაწყებისა და დამთავრების საკითხის გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ გაუშვან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ჩხრეკის შესახებ, რომელიც დღეს ჩატარდა.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფონს, რომელზეც ეს პროცესები ვითარდება. კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინა არის სამშვიდობო შეთანხმების დადება-არდადების პირას.

„მათ შორის, არის წნეხი კიევის ხელისუფლების მიმართ, რომ დათანხმდეს რაღაც პირობებს და ამ დროს, ჰოი, საოცრებავ, ანტიკორუფციული სამსახური, რომლის გაუქმებასაც აპირებდა ზელენსკი რამდენიმე კვირის წინ, შევიდა მისი ყველაზე ახლო თანამებრძოლის ოფისში.

მართლა ამ ბომბების წვიმაში, რომელიც უკრაინაში არის და ჩვენს „ენჯეოებს“ თბილისში რომ უნდოდათ, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც სამშვიდობო შეთანხმების საკითხი დგას, ერმაკის - ადამიანის, რომელიც ჩართულია მათ შორის ამ მოლაპარაკებებში, ოფისებში ჩხრეკას ვინ ატარებს - უკრაინული ინსტიტუცია? რა თქმა უნდა, არა. ზუსტად ეს არის, რასაც ჰქვია უცხო ქვეყნის გავლენა სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებში ადამიანის ჩანერგვა და ამ სახელმწიფო ინსტიტუტებით სხვა ქვეყნის მართვა.

დღეს უკრაინას არა თუ ომის დაწყებისა და დამთავრების საკითხის გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ გაუშვან. აი, ეს არის მთელი ტრაგედია, რასაც ამ დღეებში უკრაინაში ვუყურებთ, რომ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ეგიდით სუვერენიტეტი სრულად დათმეს. პირდაპირ გარედან ჩარევით, ანტიკორუფციული სამსახურის გამოყენებით, პრეზიდენტ ზელენსკის, ვისაც უნდათ, იმას დაუპატიმრებენ და და ვისაც უნდათ, იმას გაუშვებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაცია ჩხრეკასთან დაკავშირებით თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. Financial Times კორესპონდენტის, კრისტოფერ მილერის წყაროს ცნობით, ჩხრეკა „ენერგოატომში“ კორუფციის საქმეს უკავშირდება.