პაატა სალია: გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება

პაატა სალია

მიმდინარე 3 დღის განმავლობაში საქართველო მასპინძლობს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას - ეს არის გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი. ამ ფორუმის ფარგლებში დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება, - განაცხადა პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ფორუმის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილებაც საქართველოს წარმატების აღიარებაა, ქვეყნის გამოცდილებას კი არაერთი სხვა სახელმწიფო იზიარებს.

„ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა ჩვენი გამოცდილება, დანერგეს ის სერვისები, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და სწორედ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის, ჩვენი რეფორმების აღიარება იყო ის სიგელი, რაც დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გადმოგვცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფორუმის პირველი დღე წარმატებით მიმდინარეობს.