პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.