ოპოზიციურ ფლანგზე არ გამორიცხავენ, რომ, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, გახარია პარლამენტშიც შევიდეს

გახარია

"ნაციონალური მოძრაობისთვის" გიორგი გახარიას პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური ერთობის დარღვევის მცდელობაა. ანალოგიურად ფიქრობენ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელებიც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, გახარია პარლამენტშიც შევიდეს.

თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა და დაადასტურა, რომ მისი გუნდი 4 ოქტომბრისთვის აქტიურად ემზადება. დარწმუნებით თქვა ისიც, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები იტყვიან.

ექსპრემიერის პოზიცია მოულოდნელი არ აღმოჩნდა "ლელოსთვის". "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ გახარიას გადაწყვეტილება მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა პარტიაში ამ დრომდე თავად მკაფიოდ არ პასუხობენ კითხვას - მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ბრალდებებს, ბრალდებებით უპასუხეს ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებმა. პარტია "საქართველოსთვის" წევრები კოლეგებს რადიკალიზმის გაღვივებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კრიტიკის მიუხედავად გადაწყვეტილებებს არ შეცვლიან.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პროცესები უცხოეთიდან იმართება. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას, მათი დამფინანსებლების დაკვეთის შესაბამისად მიიღებენ.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.