გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, დამოუკიდებელ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებულია და 4 საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომდევნო კვირაში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით ჯამში სამი დოკუმენტი იქნება შემუშავებული - ოპოზიციის, მესამე სექტორისა და „ქართული ოცნების“.
„ჩვენ ვართ საფინიშო ხაზზე. 4 საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ სამოქალაქო სექტორისგან იმიტომ, რომ კომპლექსური საკითხებია: ეს არის მართლმსაჯულება, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმები და მედია საკითხები. დანარჩენ საკითხებზე ფაქტობრივად სამუშაო პროცესი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საკანონმდებლო პაკეტები, რაც რეგისტრირებული არაა, პარლამენტში დარეგისტრირდება, ხოლო რაც რეგისტრირებულია, მასში გარკვეული ცვლილებები შევა. მიუხედავად აგვისტოს თვისა, „ონლაინ“ და „ოფლაინ“ ფორმატში პატარა სამუშაო ჯგუფების ფორმატში ვმუშაობდით. ეს არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას. ეს არის ზეინკლუზიური პროცესი, ხოლო ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, არის ანტიევროპული პროცესი, რომელიც ემსახურება იმას, რომ როგორმე ევროკავშირმა საბოლოო უარი უთხრას “ქართულ ოცნებას”. საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ დოკუმენტს - სამოქალაქო სექტორის, ჩვენი - ოპოზიციის და “ქართული ოცნების”. ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც დავდებთ საკანონმდებლო ცვლილებებით და ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ “,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ