ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადოს ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

„ბოლო რამდენიმე წელია მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვაკვირდები, რომ გაუხეშდა ენა მედიასა და პოლიტიკაში. პირდაპირი შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად და თითქოს ყველაფერი მოსულა, ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლება - ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომლის დამკვიდრებასაც განსაკუთრებით ცდილობს ოპოზიციის ნაწილი, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადონ ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს სიძულვილის ენის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისა  და ეთიკის საბჭოს დაკომპლექტების შესახებ.

„გამოსვლების სიმძაფრე, ეთიკა და ასე შემდეგ, ხედავთ, რომ გამოწვევაა არა ჩვენი პარლამენტის, არამედ ზოგადად პოლიტიკური დისკუსიის. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ არ არის ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი.  სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, მე,  როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვაკვირდები, რომ გაუხეშდა ენა  მედიაში და პოლიტიკაში. პირდაპირ შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად და თითქოს ყველაფერი მოსულა, ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლება. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომლის დამკვიდრებასაც განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადონ ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება და ასე შემდეგ.  სწორედ ბულინგი და ზიზღის ენა არის ადამიანის გაჩუმებისათვის ანუ  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამიტომ რთულია ამაზე საუბარი თუ როგორ აღმოვჩნდით აქ და რატომ არის ასეთი უხეში, მათ შორის, პოლიტიკური დისკუსია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს საკუთარი ეთიკის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა. 

„ ერთის მხრივ, ოპოზიცია ედავებოდა უმრავლესობის წარმომადგენელს, ასე ვთქვათ, ლექსიკაში და ზუსტად ერთ წუთში, შესაძლოა,  უარესი ტერმინოლოგიით დაიწყო თავისი ოპონენტების შემკობა. მოგიწოდებთ, თვით რეფლექსიისკენ, რომ ყველა საკუთარი ეთიკის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, თუ რატომ არ არის დაკომპლექტებული - იმიტომ, რომ ოპოზიციის შემადგენლობა არ იყო შიგნით. მომიწია, რამდენჯერმე წერილობით მიმართვა ოპოზიციური ჯგუფებისთვის და ფრაქციებისთვის, რომ წარმოედგინათ კანდიდატები. კანდიდატები წარმოადგინეს. ახლა არის თანათავმჯდომარეები, ესეც თქვენი გასაკეთებელია და უნდა წარმოადგინოთ და შემდეგ პლენარული სხდომა ამ ყველაფერს დაამტკიცებს. ამიტომ უნდა იყოთ აქტიურები. მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არ ვარ პარლამენტის დირექტორი. აქ ყველა ვართ პარლამენტის წევრები, რეგლამენტი საერთოა და ყველა ის ინსტრუმენტები, რაც არის უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.