ოპოზიცია მსხვერპლს ეძებდა ყოველთვის. ოპოზიციამ ვერ გამოიყენა სათავისოდ თავისი ბნელი, ასეთი უზნეო ინტერესებისთვის მსხვერპლი, რომელიც, სამწუხაროდ სტიქიური მოვლენების გამო მოხდა საქართველოში - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ოპოზიცია მსხვერპლს ეძებდა ყოველთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა სათავისოდ თავისი ბნელი, ასეთი უზნეო ინტერესებისთვის მსხვერპლი, რომელიც, სამწუხაროდ სტიქიური მოვლენების გამო მოხდა საქართველოში.

„ტრაურის ქვეშ იყო ქვეყანა, როდესაც დავინახეთ უზნეო პოლიტიკოსები გამოსულები და ცდილობდნენ, რომ ადამიანების სიკვდილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. ზუსტად იგივე ხორციელდება ახლა, ოღონდ მეტი მექანიზმი აქვთ იმისთვის, რათა ეს მსხვერპლი იყოს გაღებული ქვეყნის, ქართული საზოგადოების მიმართ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ რევოლუციური პროცესის ორგანიზატორებს და მათ მონაწილეებს სჭირდებათ.

რასაკვირველია, ყველა ფარული ჩანაწერი გადასამოწმებელია, მაგრამ არსებობს ისეთი ჩანაწერიც, სადაც ადამიანები არიან იდენტიფიცირებულები და ზუსტად ცნობილები არიან, რომელი პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან, რომელი პოლიტიკური ჯგუფის და სუბიექტის აქტივისტები არიან. ეს არის სირცხვილი იმ საზოგადოებისა, რომელიც დღეს ახალგაზრდებს მოუწოდებს, წინ მიუძღვის იმისათვის, რათა ქვეყანაში შეიქმნას ასეთი რთული, კრიზისული მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.