ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი „რესპუბლიკა“ ავრცელებს.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს დააკავეს.
ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ე.წ. პარლამენტის დეპუტატის მიმართ „არამართლზომიერი ქმედებები“ ჩაიდინეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერების დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა კოდორის და გუმისთის ხიდები გადაკეტეს და განაცხადეს, რომ არ დაიშლებოდნენ ხუთივე დაკავებულის გათავისუფლებამდე.
გასულ ღამეს აქციის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან კი სამხედრო ტექნიკა დააყენეს.
ღამით გაიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.
ცნობისთვის, ოპოზიციის პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. ე.წ. შეთანხმება რუსული ინვესტიციებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
დოკუმენტის დამტკიცებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.