ოთარ შამუგია ბაქოში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში უნგრელ კოლეგას შეხვდა

ოთარ შამუგია ბაქოში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს, ლანტოსკ საბას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით, გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს