1746007492
ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: პირობა, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ზედმიწევნით ექნება შესრულებული ვალდებულებები, ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თავად ევროკავშირი ცვლის გარკვეულ მიდგომებს

ფაქტობრივად, ქართველებს და ჩვენს ერს სჯიან იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს არ უნდა ომში ჩართვა, - განაცხადა ვიზალიბერალიზაციის თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ქვეყანას „ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციითა და უპირატესობების ჩამორთმევით“. წილოსანმა აღნიშნა, რომ პირობა, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ზედმიწევნით ექნება შესრულებული აღებული ვალდებულებები, ისინი ამის ერთგული რჩებიან, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თავად ევროკავშირი ცვლის გარკვეულ მიდგომებს.
„ამ შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს ისეთი მარტივი კრიტერიუმი, როგორიც არის სავიზო პოლიტიკა. მაგალითად, შესაძლოა იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომ რომელიმე კანდიდატი ქვეყნის სავიზო პოლიტიკა თუ არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, შეეზღუდოთ ვიზალიბერალიზაცია, ანუ თავისუფალი მიმოსვლა. მაგალითად, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს ჩინეთთან და ამავე დროს ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან. ეს პირდაპირ შეუსაბამობად შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. ამიტომ, ერთია, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვისმენთ, თუმცა, მეორეა კითხვა, რატომ დადგა საჭიროება, ეს ყველაფერი გამკაცრდეს. არ მომისმენია აქამდე არანაირი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების გამარტივება. ასე, რომჩვენ ჩვენს ფიქრებში, ალბათ შორს მივდივართ ამის ასახსნელად“, - განაცხადა წილოსანმა.