გიორგი კახიანი: შეკრება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და არავინ არავის უკრძალავს. მაგრამ თუ ის მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და შეიძლება ძალადობრივი ქმედებები მოჰყვეს, სახელმწიფოც შესაბამის რეაგირებას მოახდენს

გიორგი კახიანი

შეკრება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და არავინ არავის უკრძალავს. მაგრამ თუ ის მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და შეიძლება ძალადობრივი ქმედებები მოჰყვეს, სახელმწიფოც შესაბამის რეაგირებას მოახდენს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, 4 ოქტომბერს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.

მისი თქმით, რადიკალებს ჰგონიათ, რომ შესაძლოა მცდელობა ჰქონდეთ რევოლუციური სცენარის განვითარების თუმცა რეალურად მათ ქმედებებს „მცდელობასაც კი ვერ დავარქმევთ“.

„ძალადობრივი ელემენტები გაჩნდა შეფასებებში მოწოდებებში და ეს ძალიან თვალსაჩინო ხდება. ყველაფერი ეს უკავშირდება იმას, რომ ბოლო მცდელობა არის მათთვის. რეალურად არც ვიტყოდი, რომ ეს რაიმე მცდელობა არის იმიტომ, რომ უსუსური მცდელობა იქნება საერთოდ თუ რამეს დააპირებენ, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლება შეცვალონ. მაგრამ მათ წარმოდგენაში შეიძლება კიდევ ერთი მცდელობა იყოს იმის, რომ ხელისუფლება ძალადობრივი თუ რევოლუციური გზით შეიცვალოს. მაქსიმალურად გააქტიურდნენ ამ თვალსაზრისით.

ესეც არის უბრალოდ ილუზიების შექმნა თავიანთი მომხრეებისთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ საქართველოში კიდევ შეიძლება რევოლუციური სცენარით ხელისუფლება შეიცვალოს, მას ალბათ ობიექტური შეფასებების გაკეთება უბრალოდ უჭირს. იმიტომ, რომ არაერთი ასეთი მცდელობა ვნახეთ და იმავდროულად დღეს საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა. საზოგადოებაში პირიქით არის განწყობა იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობიანი გზებით განვითარდეს და ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა ეს შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაგრძელოთ. რაღაც პოლიტიკური ჯგუფი თუ ცდილობს, რომ ყველაფერი ეს წყალში ჩაგვიყაროს, რა თქმა უნდა ეს არანაირად არ გამოუვა. ამის მცდელობასაც არავის ვურჩევდი. თუ ვინმეს შეკრება უნდა, შეკრება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და არავინ არავის უკრძალავს. პირიქით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს, რომ შეკრება იყოს მშვიდობიანი. მაგრამ თუ შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მას შეიძლება ძალადობრივი ქმედებები მოჰყვეს, ამაზე სახელმწიფოც შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.