ნინო წილოსანი: ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა არ იღებს მონაწილეობას მათ შეხვედრებში - ალბათ, საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატომ არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა

ნინო წილოსანი

 ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა და არა მხოლოდ, ევრონესტის საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ქვეყნების არ იღებენ მონაწილეობას მათ შეხვედრებში, ამიტომ, ალბათ საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატომ არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მან ისაუბრა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან. ამჯერად კი ასეთი შეხვედრა დაგეგმილია სომხეთში.

მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმა წესით უნდა ყოფილიყო ქმედითი და ქვეყნები უნდა გაერთიანებინა. წილოსანს მიაჩნია, რომ მთლიანად ამ პლატფორმის შექმნის პრინციპებს არღვევს მათი მუშაობის სტილი.

„ის, რომ ქვეყნების გარკვეული ნაწილი არ მონაწილეობს, ევრონესტის შემადგენლობაში თავად უნდა შექმნას კითხვების დასმის წინაპირობა, თუ რა ხდება და რა უსამართლო და არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ქვეყნებს არ უჩნდება სურვილი, მიიღონ მონაწილეობა იმისგან განსხვავებით, რომ ევრონესტი ანუ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა შეიქმნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და არა ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემოტანისთვის.

უფრო მეტი სიცხადისთვის, მინდა დავასახელო რამდენიმე გვარი, რომელთა განცხადებებიც, ალბათ, ხშირად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. ეს არის რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, სანჩესი, ანა ფოტიგა და სხვები და სხვები. როდესაც საშუალება აქვთ, ევროპარლამენტის რეზოლუციების სახით, ურტყამენ საქართველოს, რეპუტაციულად, პოლიტიკურად აზიანებენ და წარმოუდგენელი არის, რომ ამ ადამიანების შემადგენლობით რაიმე პლატფორმა იყოს კონსტრუქციული. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო სომხეთში მიმდინარე ასამბლეის შეხვედრაში მონაწილეობის არ მიღება. გარკვეულწილად, ეს არის დემონსტრაციულიც, არის სამაგალითოც და არის მათთვის დამაფიქრებელი, რომ რაღაც არასწორად კეთდება“, - განაცხადა წილოსანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავსწერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.