ნინო წილოსანი: საიას მსგავსი თავზეხელაღებული ორგანიზაციებიც კი, „კამიტს“ აღარ ახსენებენ, ალბათ სარჩელი ეფუძნება ბუმბულდაცვენილ თუთიყუშს, რომელიც ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებულია

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის განცხადებით, საია იმ მავნებლური ქსელის შემადგენელი ნაწილია, რომელიც წლებია, ქართული ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.

ნინო წილოსანის თქმით, საია-ს სარჩელიც ზუსტად ამ მავნებლური ქსელის ნაწილია.

„საქართველოს ეს სიგიჟე ყოველგვარი საფუძვლის და არგუმენტაციის გარეშე დააბრალეს. BBC-ის ვუჩივლეთ, ჯერ საბოლოო შედეგზე ვერ გავედოთ, მაგრამ ამან შექმნა პრეცედენტი, რომ საია-ს მსგავსი თავზეხელაღებული ორგანიზაციებიც კი, „კამიტს“ აღარ ახსენებენ და როცა საქმე სარჩელზე მიდგება, ისინი სრულიად განიარაღებული არიან არგუმენტებისა და მტკიცებულებებისგან. საინტერესოა, საია-ს სარჩელი რას ეფუძნება, ალბათ, იმ ბუმბულდაცვენილ თუთიყუშს, რომელიც ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებულია. ძაღლი და პატრონი კი შერიგდნენ, ძაღლიც მოეალერსა და საიაც ბედნიერი უნდა იყოს, რომ არა ის დაკვეთა, რასაც გარედან იღებს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა