ნინო წილოსანი: ჯო უილსონი ჩინეთის საწინააღმდეგო მოწოდებებით აქტიურად გამოდის, მისი ქვეყნის პრეზიდენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი, ჩინეთთან აქტიურად თანამშრომლობს

ნინო წილოსანი

ჯო უილსონი წარმოუდგენლად უსაფუძვლო და აბსურდულ თემატიკას ირჩევს ხოლმე. მიკვირს, ამ თემებს ვინ აწვდის. ჩინურ გავლენებსა დაზვერვაზე როცა საუბრობს, ეს ჯერ არცერთ ანგარიშში, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არცერთ მოსმენაზე არ გვსმენია. როგორც ჩანს, მას რაღაც სხვა ტრავმები ამოძრავებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

წილოსანის თქმით, ჯო უილსონი ჩინეთის საწინააღმდეგო მოწოდებებით აქტიურად გამოდის, მისი ქვეყნის პრეზიდენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი, ჩინეთთან აქტიურად თანამშრომლობს.

„არა მხოლოდ მათ, არამედ ვხედავთ ევროკავშირის ლიდერებს, დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომლებიც ჩინეთს სტუმრობენ და ცდილობენ, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. იმედი მაქვს, ვითომ მეგობრული და სინამდვილეში, მტრული აქტი, ასევე ეს კანონპროექტიც, მზის სხივს ვერ იხილავს, საბოლოო შედეგამდე ვერ გავა. ამერიკაში ბევრი დემოკრატიის პრინციპების დამცველია, ვინც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ჯო უილსონის ინიციატივით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.