ნინო წილოსანი - [ევროსაბჭოში] საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე მსჯელობა იმის მცდელობაა, რომ საზოგადოების ნაწილს შეუქმნან განცდა, თითქოს ეს აგენტურული ოპოზიცია რაიმე მიღწევებს აკეთებს საერთაშორისო მასშტაბით- ჩვენმა დელეგაციამ საკადრისი პასუხი გასცა იმ ცრუ ბრალდებებს, რომელიც მოედინებოდა

ნინო წილოსანი

 „ასეთი რეზოლუცია ბევრი გვინახავს. მათ შორის, ძირითადი ხაზი, რაც ამ რეზოლუციებს აერთიანებს არის უსამართლობა“-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ვერც რეზოლუცია, ვერც ცრუ ბრალდებები და ვერც საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებული ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ დაგვახევინებს უკან, რომ ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ“. „ის მოთხოვნები და ის არარეალური მოცემულობა, რასაც ისინი აღწერენ, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, მათი მხრიდან წარმოჩენილ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ა.შ. სწორედაც რომ ის აცდენილი სურათი არის,  რაც რეალობაში სრულებით სხვა არის. ამიტომ, ამ რეზოლუციას ვერანაირი ღირებულება ვერ ექნება, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ  ევროპის საბჭოს ფარგლებში ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი ქვეყნის სათქმელი ხმამაღლა, ღირსეულად თქვა და თავად დელეგაციამ განაცხადა უარი იმონაწილეონ იმ სხდომებში, სადაც მხოლოდ სიცრუე იხილება საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ საკითხს მიბრუნება და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე მსჯელობა ალბათ უბრალოდ მცდელობაა იმისა, რომ ეს საკითხი სხვანაირად წარმოაჩინონ და საზოგადოების რაღაც გარკვეულ ნაწილს, შეუქმნან განცდა, რომ თითქოს ეს აგენტურული ოპოზიცია  რაიმე მიღწევებს აკეთებს საერთაშორისო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ვერც რეზოლუცია, ვერც ცრუ ბრალდებები და ვერც საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებული ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ დაგვახევინებს უკან, რომ ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ, და ამ ქვეყნის ინტერესი დავიცავით ევროპის საბჭოს მასშტაბით, მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკადრისი პასუხი გასცა იმ ცრუ ბრალდებებს, რომელიც მოედინებოდა“-განაცხადა ნინო წილოსანმა.