1771355340
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს ასამბლეაზე: თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო რუსეთთან არის დაახლოებული. მსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმართ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხა.
„თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო რუსეთთან არის დაახლოებული. მსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე 2008 წლის შემდეგ არ გვქონია ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები. ჩვენ რუსებს მხოლოდ ჟენევაში ვხვდებით, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის თანდასწრებით, რომ განვიხილოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ვხვდებით.
ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა. უახლოეს წარსულში ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მოვიგეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასევე, ცოტა ხნის წინ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ვფიქრობ, საღი აზრია, რომ თუ ქვეყანა ახლო ურთიერთობაშია მეორე ქვეყანასთან, მას საერთაშორისო სასამართლოებში არ უჩივის. შესაბამისად, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შემდეგ საქართველო ყველაზე მოწყვლადია რუსული ოკუპაციისადმი, ოფიციალური თბილისი მტკიცედ დგას რუსეთთან მიმართებით პოლიტიკაზე.
გამოსვლის დროს სამხარაძე კორუფციასთან ბრძოლის თემასაც შეეხო.
„თქვენ ასევე ახსენეთ კორუფცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ “კორუფციის აღქმის ინდექსის” შესახებ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პირველ ადგილზეა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას. ასე რომ საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ ძალიან უსამართლოა“, - დასძინა ქართველმა დეპუტატმა.











