სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს - დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურა 4 მოწმეს - დაზარალებულ პოლიციელებს და ექსპერტებს წარმოადგენს.

სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული გარდა პაატა ბურჭულაძისა და, ასევე, ირაკლი შაიშმელაშვილისა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, იქნებიან ექსპერტ-ტრასოლოგები, იქნებიან დაზარალებული მოწმეები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე გამომძიებლები და სხვა პირები. ღობის დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრებს ექსპერტ-ტრასოლოგი, რომელმაც მის მიერ გაცემულ 2 ექსპერტიზის დასკვნაში განმარტა, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და ღობეს გადაჭრის/ჭრის კვალი არ აღენიშნება. ხამუთი ღობეს არ ჰქონია, ეს იყო რკინის დეტალი, რომელიც ღობის შემადგენელი ნაწილი იყო," - აღნიშნა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.