1747684516
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთი/ოდირს დასკვნაში უწერია, რომ თვითონ საარჩევნო დღე ცესკოს მიერ კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ეუთო/ ოდირის დასკვნა განიხილა. სამხარაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ დასკვნაში სამ მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.
„ეუთი/ოდირმა თქვა სამი მნიშვნელოვანი რამ. ერთი, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში. მეორე, რომ საარჩევნო კანონმდებლობა აძლევს ყველა პარტიას და ყველა მსურველს, ვინც არის ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართული, რომ თავისუფლად ჩაატაროს კამპანია, მათ არ ექმნებათ არანაირი ლეგალური საკანონმდებლო ბარიერი იმისთვის, რომ მივიდეს და საკუთარ ამომრჩეველს ესაუბროს და მესამე, რომ ყველა მათგანს ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, რომ ესარგებლა უფასო საეთერო დროით და სხვადასხვა მედიით.
მიუხედავად იმისა, რომ მედია პოლარიზებულია, რასაც ეუთო/ოდირი აღნიშნავს, პოლარიზებულია ასევე პოლიტიკური მიკერძოების და პოლიტიკური სიმპათიების მხრივ, შესაბამისად, ოპოზიციასაც ზუსტად ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მედია გამოეყენებინა, როგორც ხელისუფლებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რაც მათ უწერიათ, რომ თვითონ საარჩევნო დღე ცესკოს მიერ იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული კარგად. ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რასაც ეუთო/ოდირი აფასებს ხოლმე არჩევნების დროს.
პროცედურული დარღვევები იყო თუ არა და პროცედურული დარღვევები ყველა არჩევნებში, ყოველთვის არის. მთავარია, რომ ამ პროცედურულმა დარღვევებმა არ იმოქმედოს ამომრჩევლის ნებაზე და შედეგი არ შეცვალოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ შედეგის შეცვლა, ამ მცირე პროცედურულ დარღვევებს რაც შეიძლება ყოფილიყო, არ შეეძლო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.