ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ეუთო-ს დასკვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ზეწოლის ფარგლებში მოახერხა და ობიექტურობა შეინარჩუნა

ნიკოლოზ სამხარაძე

როგორც ვხედავთ, ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის  ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის დატოვებას აგრძელებს, ვფიქრობ, რომ ეუთო-ს არმიწვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დღეს, მათ ეუთო- სადამკვირვებლო მისია არ სჭირდებათ.

„წინა არჩევნებზე, რომელსაც პირადად მე ვაკვირდებოდი, ამერიკისთვის ეუთო-ს დასკვნა მაინც და მაინც სახარბიელო არ იყო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში, ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნები სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ასე იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიც. ასევე დიდი ბრიტანეთის არჩევნებზე ჰქონდათ დასკვნა, პოლონეთის არჩევნებზეც. ყველა იმ შემთხვევაში დასკვნა დაიდო, ყველამ წაიკითხა და ცნობად მიიღო.  საქართველოს შემთხვევაში კი, ეს დასკვნა  ათასგვარი ინტერპრეტაციების, სპეკულაციების, ტყუილების, ფაქტების დამახინჯების საბაბი გახდა. სწორედ აქ ჩანდა ის მიკერძოებულობა, რომელიც კონკრეტულ აქტორებს, მათ შორის ეუთო-ში აღმასრულებელი მიმართულებით ჰქონდათ. საქართველოსთან მიმართებაში  ეუთო-ს დასკვნებს ბოროტად იყენებდნენ, თორემ, ჩვენ ეუთო-ს დასკვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. პირიქით, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ზეწოლის ფარგლებში მოახერხა და ობიექტურობა შეინარჩუნა“, – განაცხადა სამხარაძემ.

✕