1772112318
ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, საქართველოში თავისუფალი მედია დაასანქციროს, ცენზურის, სიტყვისა და გამოხატვის აკრძალვის მცდელობაა.
„ქართული ტელევიზიები თურმე უკრაინაზე ავრცელებენ, რომ კორუმპირებული ქვეყანაა, რაც მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის, რაზეც არა მხოლოდ ევროპული და ამერიკული, არამედ სხვა მედიებიც საუბრობენ. თურმე, ეს ტელევიზიები ოკუპირებულ ქვეყანაში პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, არადა ორივე მედია ოკუპაციაზე ხშირად საუბრობს. სოლიდურ ახსნას და განმარტებას ვერ ვისმენთ მათ მიერ ჩამოწერილი მიზეზებიდან. მათივე ახსნიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოში თავისუფალ მედიასა და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, ცენზურის მცდელობა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ამაში ადანაშაულებდნენ ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. მათ ეს ყველაფერი იუკადრისეს და თქვეს, რომ ასე არ იყო, ევროპაში თავისუფალ სიტყვას არავინ ზღუდავს, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთ ქვეყანას ჰქონდეს მცდელობა, სხვა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.











