ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, რაც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და როგორ შეიძლება, ვინმემ დეპუტატებს შეუზღუდოს ეს - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, მონაპოვარი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და როგორ შეიძლება, ეს ვინმემ დეპუტატებს შეუზღუდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არც ერთი მოძრაობის საქმეში არ ერევა.

„პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მონაპოვარი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ყველას, მით უმეტეს როგორ შეიძლება, დეპუტატებს შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება. ეს მათი არჩევანია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არც ერთი სხვა მოძრაობის საქმეში რა ვერევით და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,

ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“, თუმცა ისინი რჩებიან უმრავლესობაში.

„ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვეს უმრავლესობა, უფრო სწორად ჩვენი პარტია. ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, რა შინაარსის? ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიყო, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც. ალბათ ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. რომ არ დარჩნენ უმრავლესობაში, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები. ეს ერთი ძალიან მარტივი მიზეზი რომ ავხსნა“, – აღნიშნა პრემიერმა.