რასაც თქვენ აკეთებდით და აგრძელებთ 10 წელია, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და ომი მტრების კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - პრემიერი ოპოზიციას

ირაკლი ღარიბაშვილი

რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ფსიქოლოგიური ომი მტრების კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის.

„შემდეგი კითხვის ფორმულირება ასეთია, რომ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, მომდევნო კითხვა არის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა გარკვეული განაცხადები გააკეთეს და მოხდა თუ არა ამ პოზიციებისგან გამიჯვნა და ა.შ. თქვენ ამის შესახებ მოგისმენიათ და კითხვა მთავრდება შემდეგი წინადადებით – როგორია დღეს მთავრობის პოზიცია და ვხედავთო, რომ ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებსო. აი, რასაც თქვენ აკეთებდით, აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, ესაა ჩვეულებრივი, კლასიკური საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, მაგრამ ვის წინააღმდეგ? – მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამას აკეთებთ თქვენ 10 წელია და მანამდეც, გარდა იმისა, რომ ხალხს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად აწამებდნენ და ტერორში ამყოფებდნენ, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ომი, მათი ტელევიზიების საშუალებით“, – განაცხადა პრემიერმა.