"ნაცმოძრაობასთან" შედარებით მართლა ანგელოზები ვართ - თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

„არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით, მართლა ანგელოზები ვართ", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ამიტომ, შემდეგი 5 წელი "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება. არარაობებთან დაკავშირებით, მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ ხალხს ყველაფერი ვაჩვენეთ, ყველა ვამხილეთ თუ ვინ, რას წარმოადგენს. არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ.

ამიტომ კომენტარი აღარ იქნება. თქვენც მინდა გთხოვოთ, მედიის წარმომადგენლებს, რომ "ნაცმოძრაობის" "კლოუნადასთან" და მათ ბანდიტურ განცხადებებთან დაკავშირებით არასოდეს გვთხოვოთ საპასუხო კომენტარები. ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ამ ქვეყნის წესებსა და კანონმდებლობას ეკადრება. როგორც დაგპირდით, ყოველთვის იქნებიან დაჩოქილი ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული თანამდებობის პირია.