„ნაცმოძრაობა“ იდგა საწვავის ფასების შესახებ აქციების უკან - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  იმ აქციის უკან, რომელიც საწვავის ფასის გაძვირების გამო იმართებოდა, "ნაცმოძრაობა“ იდგა. 

„ამას შეფასება არ სჭირდება, რაც პრემიერმა თქვა, ეს არის არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო ეს აქციები ორგანიზებული. ეს აქციები იყო სისტემურად ორგანიზებული არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ასეთ დროს ისედაც ვიცით, რომ კონკრეტული ძალები დგანან ხოლმე უკან. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ამ აქციების უკან“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.