1760559559
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობა დღესაც უკვე შეწყვეტილია, ისინი არიან დღეს ექსტრემისტული ორგანიზაცია“ - შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობა დღესაც უკვე შეწყვეტილია. ისინი არიან დღეს ექსტრემისტული ორგანიზაცია. პოლიტიკური საქმიანობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტებით, დემოკრატიული პროცესის გამოყენებით პოლიტიკური მიზნების მიღწევას,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, დემოკრატია გულისხმობს დემოკრატიული პარტიების არსებობას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რამდენიმე სხვა პარტიამ უარი განაცხადა, რომ საკუთარი თავი არჩევანისთვის წარედგინა ქართველი ხალხისთვის და გაგვეგო, რა არის მათი მანდატი. მათ თქვეს უარი და არიან აქედან გამომდინარე ექსტრემისტული ჯგუფი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი შინაარსით.
დემოკრატია გულისხმობს დემოკრატიული პარტიების არსებობას და არა ექსტრემისტული დაჯგუფებების არსებობას. დემოკრატია დემოკრატიული ველიდან აძევებს ექსტრემისტებს, ტერორისტებს და იმ ჯგუფებს, რომელთაც ძალით, კონსტიტუციის მიღმა სურთ ძალაუფლების მოპოვება. დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.