„ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, 5 ნომერი არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, 5 ნომერი, რაღაცნაირად, არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე" - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"ერთგვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ქოც-ნაცური დაპირისპირების ფონზე. მთელი ქვეყანა არის რაღაც ტოქსიკური ურთიერთობების მორევში, რომ ვიღაც ებრძვის ერთმანეთს, ნაცები, ქოცები. რამდენი წელია ვცხოვრობთ ამ ტელევიზიებისა თუ პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ლეგენდაში, რომ მთელი ერი ვართ თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული.

ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ, სხვანაირად ეს არ მთავრდება, ამიტომ თუ გვინდა დავამთავროთ, მთავარი მოწინააღმდეგე უნდა დაიშალოს. ეს ხომ რაღაც სიმბოლოა? ეს ადამიანები აქ რჩებიან და ყველა იქნება პოლიტიკაში რაღაც ფორმით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად ,5 ნომერი, რაღაცნაირად, არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. 

ამ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უწევს მთლიანად სხვა თამაშის შემოტანა, ვეღარ გაიმეორებს იმავეს, აღარ იქნება ის მოწინააღმდეგე, გესმით?! „ქართული ოცნება“ სულ 10 წლის განმავლობაში ამას იყენებს და ვერავინ ვერ მიხვდა, რომ რამე აქეთ შეცვალოს, რადგან ვერავინ ვერ თმობს ამ მეორე საპრიზო ადგილს. თუმცა მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და ჩემი აზრით, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ სააკაშვილიც აღმოჩნდეს სამკურნალოდ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დაიშალოს და ჩვენც, მთელს ქვეყანას მოგვეცეს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალება”, - თქვა იაგო ხვიჩიამ გადაცემა “თავისუფალი სივრცის” ეთერში.