1732386875
ნაციონალების მორიგი ბოიკოტი - რას ამბობენ პარტიაში პარლამენტის დატოვებაზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დატოვოს. ოპოზიციურ პარტიაში პირდაპირ ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“პირველ ეტაპზე პარლამენტს, სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოუცხადოს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს საერთოდ დატოვებს, აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
საკითხზე, რომელზეც ნუგზარ წიკლაური ღიად საუბრობს, სდუმან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები. პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, პარტიის სხვა წევრები „პრაიმტაიმთან“ კომენტარს არ აკეთებენ. წიკლაური კი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე განიხილება საკითხი, თუ რა ხეირს აძლევს პარტიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა.
„ახლა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობაშიც" დისკუსია კიდევ ერთხელ გაიმართება, რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა, რას გვაძლევს ისეთ ურთიერთობებში ყოფნა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მხოლოდ და მხოლოდ, როგორც დეკორაცია.
სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს ახლა ყველაფერი და ნაბიჯები იქნას აქეთკენ გადადგმული, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“,- განაცხადა წიკლაურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში".
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს აცხადებს. 7 თვიანი პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის 8 ივნისს შევიდა. მაშინ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა.