ნათია თურნავა: „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში

ნათია თურნავა

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.

პანელზე, სახელწოდებით „მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური დიალოგი, სამომავლო პერსპექტივები“ რეგიონის მაკროეკონომიკური პერსპექტივები, გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ფინანსებსა და ტექნოლოგიაზე და ახალი ფინანსური დერეფნების მნიშვნელობა განიხილეს.

სებ-ის პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარტინ გალსტიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ვიტალი ტუტუშკინი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს სტრატეგიულ როლს შუა დერეფანში.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრია უფრო მეტად ინტეგრირდება რეგიონულ ეკონომიკაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ფრაგმენტაციის ტენდენციის ფონზე, საქართველო კი აქტიურად უწყობს ხელს რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას.

„რამდენადაც თანამედროვე გლობალური ლანდშაფტი მნიშვნელოვანი ფრაგმენტაციითა და გაურკვევლობით ხასიათდება, რეგიონული თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა. ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენ ვხედავთ ქართული ბანკების რეგიონულ ექსპანსიას და ამავდროულად საპასუხო ინტერესს ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხრიდან, რომლებმაც მზარდი ინტერესი გამოავლინეს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობის გაფართოების მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება მეორე პანელურ დისკუსიას „მთავრობის ლიდერთა დიალოგი: შემდეგი გლობალური ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებსა და გადახდებში“, ნათია თურნავა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ტალეჰ კაზიმოვთან და ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველთან ლინარდო მარტინჩევიჩთან ერთად მონაწილეობდა.

მხარეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი, ურთიერთთავსებადი საგადახდო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შუა დერეფანში. საუბარი შეეხო რეალურ დროში ანგარიშსწორებისა და რეგიონული კაპიტალის ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა მომავალი თაობის გადახდის სისტემების პრაქტიკაში გამოყენებისთვის სტრატეგიული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას, რაც ხელოვნური ინტელექტის, ტოკენიზაციის და კვანტური ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

„ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვქმნით ახალ ეპოქას, სადაც საქართველო ფინანსური პროცესების ეპიცენტრში დგას. საქართველოს ეროვნულ ბანკში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინოვაციებისკენ მიმავალ გზაზე დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ. ვირტუალური აქტივებისა და ციფრული ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოები, ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემები და ღია ბანკინგი იმ ძირითად ინიციატივათა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ფოკუსირებული ვართ. ეს პროექტები ჩვენს ფინანსურ სისტემას მომავლისთვის ამზადებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ორივე პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, სოპნენდუ მოჰანტი.

„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.