მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე

მარიამ ლაშხი

დღეს ტანზანიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ქალაქ არუშაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში. სპიკერი სიტყვით გამოვა გენერალურ დებატებზე და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებშიც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის თქმით, განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება.

"წლევანდელი ასამბლეის მთავარი თემა არის კარგი მმართველობა ნდობის და საზოგადოების ინკლუზიურობის ჩართულობის გზით, განვითარება და, სწორედ ამ მიმართულებით, საქართველოს წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, ახალგაზრდა პარლამენტარების ფორუმში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდების, ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებებით გვექნება საუბარი. ასევე, მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც გვექნება ჩვენ, როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა იქნება, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტი, მისი დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

✕