მივესალმებით, რომ საქართველო ჩვენი ნაწილი იყოს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მომავალში იყოს ევროკავშირის წევრი - რასა იუკნევიჩიენე

იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციის მიღებას ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, რასა იუკნევიჩიენე აფასებს.

მისი თქმით,  რეზოლუციის შინაარსში ბევრი პოზიტიური შენიშვნაა, სადაც არაერთი შეთანხმებაა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავხედოთ რეზოლუციის მთლიან შინაარსს, რადგან მასში ბევრი პოზიტიური შენიშვნაა, სადაც არაერთი შეთანხმებაა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ ევროპარლამენტში მივესალმებით, რომ საქართველო ჩვენი ნაწილი იყოს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მომავალში იყოს ევროკავშირის წევრი. ეს რეზოლუცია დატვირთული იყო შესწორებებით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩანაწერები რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირების შესახებ და მოწოდება ინსტიტუციების მიმართ, შეისწავლონ ეს საკითხი. თუ ეს დადასტურდება, მას და მის ახლო გარემოცვას პერსონალური სანქციები დაუწესდებათ. ასევე დამტკიცდა 2 მნიშვნელოვანი შესწორება, ეს ეხება პრეზიდენტისადმი მოწოდებას, შეიწყალოს ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას.

დოკუმენტში პრეზიდენტს მოუწოდებენ გააკეთოს ყველაფერი, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ, ევროპარლამენტი რეზოლუციის იმპლემენტაციას არ ვახდენთ, ეს არის ერთგვარი რეკომენდაცია, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.