,,მისმა დიდმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ შეუპოვარი ადამიანია'' - კირკიტაძე ხაბეიშვილზე

დავით კირკიტაძე

,,ვინ თუ არა ლევან ხაბეიშვილი, მისმა დიდმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ აქტიური, შეუპოვარი ადამიანია'', - ასე უპასუხა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ ,,ღამის კურიერის" ეთერში, ნინო შუბლაძის მიერ დასმულ კითხვას, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ხაბეიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად.

,,რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ სურდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ეყარა კენჭი და ეს არ შედიოდა მის გეგმებში, თუმცა, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, მეც, მივიღე მონაწილეობა მის დარწმუნებაში. მთავარი პრობლემა, რასაც დღეს უყენებენ მომხრეები ,,ნაციონალური მოძრაობას", ეს არის, რომ პარტიის მხრიდან არის არასათანადო აქტიურობა, მთელ რიგ საკითხებში.

ბუნებრივია, ჩვენ მომხრეებს აქვთ სურვილი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" იყოს უფრო აქტიური. ჩემთვის მთავარი და განმსაზღვრელი იყო მათი მოსაზრება, რომელსაც ყურადღებით ვეცნობი და ვუსმენ. ვინ თუ არა ლევან ხაბეიშვილი - მისმა დიდმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ის არის აქტიური, შეუპოვარი ადამიანი. და ის პრობლემა, რომელიც ჩანდა და აწუხებდა ჩვენ უამრავ მხარდამჭერს, აღარ იარსებებს, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე", - განაცხადა დავით კირკიტაძემ ,,ღამის კურიერში".