მიმდინარე გლობალურმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ არჩეული გზა ქვეყნის გადარჩენასა და აღმშენებლობას ემსახურება - გოგი ფუტკარაძე

გოგი ფუტკარაძე

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ჩართული იყვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოსახლეობის გვერდით იდგნენ, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გოგი ფუტკარაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ გუშინდელი დღესასწაული, დედის დღე! ქართველი დედის ფენომენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ კულტურაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ჩართული იყვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოსახლეობის გვერდით იდგნენ. დიდთოვლობა, მრავალი გამოწვევის მიზეზი გახდა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტებში მაქსიმალური შრომა გაწიეს და დღესაც აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ამასთანავე, როგორც ყველასთვის ცნობილი გახდა, პრემიერ-მინისტრმა, გუშინდელ განცხადებაში, აღნიშნა, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები აღდგენას აღარ ექვემდებარება, უზრუნველყოფენ ალტერნატიული საცხოვრებლებით.

სამწუხაროდ, სტიქიისა და უბედური შემთხვევების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, ჩვენს ოპონენტებს ჩვეულებად ექცათ. უხერხულია, როდესაც ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მეტი სამოქალაქო შეგნება და პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას.

მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში მიმდინარე პროცესებსა და ახალ კანონპროექტებს; ამერიკული „FARA-ს“ კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან უზრუნველყოფს ყველა უცხოური დაფინანსებისა და ლობისტური საქმიანობის საჯაროობას, დაიცავს ქვეყნის შიდა პოლიტიკას უცხოური ზეგავლენებისგან, გაზრდის საზოგადოების ჩართულობას და საშუალებას მოგვცემს უკეთ დავიცვათ ეროვნული ინტერესები. რაც შეეხება ბრიტანული მედიის კანონს, საქართველო მუშაობს ახალი რეგულაციების მიღებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაგარემოს დამოუკიდებლობისა და მორალის განმტკიცებას, მედიის სანდოობას, პასუხისმგებლობას. კანონი, ასევე ზღუდავს უცხოური ძალის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების დაფინანსებას, გარდა კომერციული რეკლამებისა და მსგავსი საქმიანობისა. სხვათა შორის, ოპოზიციას პროვოკაციული გამოხმაურებები ჰქონდა ორივე კანონპროექტზე - ბრიტანეთი სხვა დემოკრატიის ქვეყანაა და ხმამაღლა ვეღარ ვიტყვით ჩვენს სათქმელსო. მეგობრებო, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, ან სიმართლის თქმისთვის, არც საქართველოში და, მითუმეტეს, არც ბრიტანეთში, არავინ შეზღუდულა. მსგავსი შეფასებები, უფრო, წინა მთავრობის მავნე ჩვევებს გვახსენებს.

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ცინიკოსებს, რომლებიც გვაქილიკებდნენ როცა მადლობას ვიხდიდით მშვიდობისთვის. მიმდინარე გლობალურმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ არჩეული გზა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი სახელისუფლებო გუნდი უძღვება, ქვეყნის გადარჩენასა და აღმშენებლობას ემსახურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ამჟამად 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს, სწორი პოლიტიკისა და რთულ პერიოდებში ქართულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შედეგია. ამიტომ, მეტი თავდაჯერებულობით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და შევინარჩუნოთ ქართული პოლიტიკური ხაზი, რომლის უმთავრესი მიზანი მშვიდობა და სტაბილური განვითარებაა“, - განაცხადა ფუტკარაძემ.