სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლო

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების, მამუკა ლაბუჩიძის, კონსტანტინე კოკაიას, ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, გურიელ ქარდავას, ზურა ჭავჭანიძისა და კობა ეპიტაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოსაც სთავაზობდნენ.

საქმეზე წინა სასამართლო მოსმენა 27 ოქტომბერს გაიმართება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს.

კობა ეპიტაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ლაბუჩიძეს, კონსტანტინე კოკაიას, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, გურიელ ქარდავას და ზურა ჭავჭანიძიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.