მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - შსს

აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს

შსს თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.

ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ, 19:23 საათზე კი შეკრებილებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს. ადგილზე ამ დრომდე დაპირისპირება გრძელდება.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს", - განაცხადა ზოდელავამ.