მიხეილ ყაველაშვილმა 613 პატიმარი რომ შეიწყალა, ამით გადადგა ჰუმანური ნაბიჯი, რაც მისასალმებელია - კახა კალაძე

 კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 პატიმრის შეწყალება არის ჰუმანური აქტი.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ამ თემის ირგვლივ გავრცელებული მოსაზრებები არის სისულელე, რადგან ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, როცა კეთილი საქმე კეთდება, მსგავსი განცხადებებით გამოვიდეს.

„შეწყალებასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინეთ. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. რაც მთავარია, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას, რომ, ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვახორციელებთ ქვეყნის განვითარებას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია. მიხეილ ყაველაშვილმა გადადგა ჰუმანური ნაბიჯი და შეიწყალა 613 პატიმარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თითქოს, პარტია „ქართული ოცნება“ ვალში იყო ამ ხალხთან, გაათავისუფლა და რეპრესიებისთვის გამოიყენებს, თბილისის მერის თქმით: „ეს არის სისულელე, გაფარჩაკებული რადიკალი პოლიტიკოსების  განცხადებებია. თუ მოითხოვთ ინფორმაციას, რომელ მუხლებს შეეხო გათავისუფლება, არ  იქნება პრობლემა ამის გაგება“.