მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს.

როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც თავის მხრივ მომსახურების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა გაზარდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან და მის ექსპერტებთან თანამშრომლობა, საქართველოში, კიდევ უფრო განავითარებს ჰოსპიტალურ სექტორს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე.