მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატმა ციხიდან მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოიტანა.

როგორც წერილშია აღნიშნული, რუსთავის ციხეში გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს.

„გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს.

რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ“, - ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი „ქრონიკასთან“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მისი მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებული იყო და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მკურნალი ექიმის მიერ ეცნობა.

„მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა მკურნალი ექიმის და სხვა სპეციალობის ექიმების მიერ. ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტაციონარის პირობებში მკურნალობის გაგრძელების კრიტერიუმებს, ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი სტაციონარიდან გაწერის შესახებ.
მას ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობა გუშინ მკურნალი ექიმის მიერ.

ეს დამტკიცდა ჩვენი ლაბორატორიული კვლევებით. ასევე ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომ აქ არანაირ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.