მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს არის ემპირიული დასკვნა - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. 8 პარტიის ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ალიანსს რეალურ პრობლემებზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მოიცალეს მის გასაკრიტიკებლად. სააკაშვილმა ალიანსს სამიზნის გასწორებისკენ მოუწოდა და ასევე ურჩია, მისი კომპლექსისგან გათავისუფლდნენ.

პატიმარი ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა. სააკაშვილმა ციხიდან ასევე დაწერა, რომ ქართველების გზა რევოლუციაა, ოპოზიცია კი ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს და კომფორტულ ტელესტუდიებს არ სცდება. ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის განცხადებას პერსონალურ თავდასხმად აფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

"მოდი მიშას ცენზურა დავუწესოთ, პოლიტპატიმარს, რომელსაც სურს, რომ ბრძოლა გაგრძელდეს - ეს პარადიგმა არა მხოლოდ დამაზიანებელია, არამედ არის ლუზერობის ფორმულა. თუ ვინმეს სურს ლუზერობა, ამ გზას დაადგება და ბევრი ადამიანია, რომელიც ამ გზაზე დიდი ხანია დადის. მიზანი უნდა გაასწოროს ყველამ. არა მხოლოდ ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, არამედ კი, უფრო ეფექტური, უფრო ფართო კამპანია არის საჭირო. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფიგურა. ეს რომ ასეა, ეს არის ემპირიული დასკვნა", - აცხადებს ლაშა ფარულავა.