„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ყველასთვის ნათელია, რომ მეორე ფრონტის გახსნა გააძლიერებდა რუსეთის მტრების პოზიციებს, სრულიად აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ, ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოელი მაღალჩინოსნის საუბრის შესახებ, მოთხრობილი ისტორია სრული სიმართლეა, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, რითაც იგი მეორე ფრონტის გახსნის თემას ეხმიანება.
„ვინ და როგორ მოითხოვდა საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას
დაახლოებით, 2 კვირის წინ ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
„როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ პერიოდში ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით საუბარს აწარმოებდა, ირაკლიმ ჰკითხა: როგორ ფიქრობთ, ჩვენ ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანს გავუძლებთო? რაზეც მან უპასუხა: 3-4 დღესო. ირაკლის განმეორებით შეკითხვაზე, კი მაგრამ, 3-4 დღისთვის გვღუპავთო, უცხოელმა უპასუხა: არა, რატომ, თქვენ 3-4 მილიონი ხართ, ასე უცბად ყველას ვერ გაგანადგურებენ, მერე ტყეში გახვალთ, იქიდან გააგრძელებთ პარტიზანულ ომს, ხოლო ჩვენ იარაღით და ყველა საჭირო მასალებით მოგამარაგებთო.
ამ განცხადებაზე ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა - გაუგონარ ტყუილებს ამბობს, ყველაფერ იგონებს, ამას დასავლეთი როგორ მოითხოვდა ჩვენგან, თანაც არც ასახელებს იმ უცხოელის ვინაობასო.
ჩვენი ინფორმაციით, ის უცხოელი მაღალჩინოსანი ამერიკის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი იყო, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტის სიცრუედ შეფასებას, „ურწმუნო თომებმა“ მოისმინონ ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალ Time-ის ჟურნალისტის, ზელენსკიზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორის საიმონ შუსტერის განცხადება უკრაინულ დოკუმენტურ ფილმში „USA-UA: თეთრი სახლის საიდუმლო ფაილები“, სადაც ის ამბობს: „აშშ-ის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიზანული ომისთვის მომზადებას სთავაზობდა.
ზელენსკის აშშ-ის ხელისუფლების გზავნილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გადასცა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა. „მესიჯი იყო მარტივი: „ომი მოდის და თქვენ წააგებთ“.
ასეთი იყო სცენარი. ხოლო ზელენსკი უნდა მომზადებულიყო, რათა მის მთავრობას დევნილობაში ემუშავა. საჭირო იყო ჯარის ისე მომზადება, რომ უკრაინას პარტიზანული ომის წარმოება შესძლებოდა“.
ამავე ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა კონგრესის წევრებს საიდუმლო ბრიფინგებს უტარებდა, საიდანაც შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკელები ფიქრობდნენ, კიევი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, ხოლო მთლიანი უკრაინა რამდენიმე კვირაში დაეცემოდა. ამ ინფორმაციის შემავსებლად შეიძლება მივიჩნიოთ ახლახან გადამდგარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლელი პოლიტიკოსები ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო ანდერძის ჩაწერას სთავაზობდნენ.
კულებას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა რუსეთის შეჭრამდე განაცხადა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილში შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, თანაც, ეს მხოლოდ ოპტიმისტური სცენარით.
მისივე სიტყვებით, დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ მთავარი საკითხი იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობა. ხოლო ერთ-ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, „უკრაინის დიდმა მეგობარმა“ შესთავაზა, უკრაინის პრეზიდენტს ვიდეო ანდერძის ჩაწერა „ყოველი შემთხვევისთვის“.
ეს უტყუარი ფაქტები ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს დაანახვებს, თუ რა როლს ანიჭებენ რუსეთის მეზობლებს ამ ქვეყნის განადგურებასა თუ დასუსტებაზე ორიენტირებული დასავლეთის დიდი სახელმწიფოები. ზოგიერთი გულუბრყვილოსთვის დასავლური სამყაროს მხრიდან შეიძლება ეს მოულოდნელი იყოს, მაგრამ პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ ყველა ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის იბრძვის და ასეთ დროს სხვა ქვეყნების ინტერესებს ნაკლებად, ან საერთოდ არ ითვალისწინებს.
ასე რომ, როდესაც იმაზე მსჯელობენ, საქართველოსგან ითხოვდნენ თუ არა მეორე ფრონტის გახსნას დასავლეთის დიდი სახელმწიფოები, მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებენ თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად, ომში ჩართულ აშშ-ს, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს ხელს აძლევდათ თუ არა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. და რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ასეთი მეორე ფრონტის გახსნა გააძლიერებდა რუსეთის მტრების პოზიციებს, სრულიად აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოელი მაღალჩინოსნის საუბრის შესახებ მოთხრობილი ისტორია სრული სიმართლეა. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერისა და უცხოელის საუბარი სულაც არ წარმართულა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით და მას ძალიან მწვავე ხასიათი ჰქონდა“, - წერს ნანა კაკაბაძე.