1771937202
მედვედევი აცხადებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ბირთვულ იარაღს თუ გადასცემენ, რუსეთი ლონდონისა და პარიზის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ბირთვულ იარაღს უკრაინას თუ გადასცემენ, რუსეთი ლონდონისა და პარიზის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს საჭიროების შემთხვევაში მისი მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან.
„ეს ინფორმაცია ვითარებას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული გახდება, უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ ის კიევმა თავად შექმნა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებით რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებენ და ამიტომ აქტიურად მუშაობენ ბირთვული იარაღის შემცველ გეგმაზე.









