"მე მაქვს ჩემი შინაგანი რწმენით ნაკარნახევი პოზიცია - ჩემი აზრით, მორალურად და პოლიტიკურადაც სწორია, რომ გირაო არ უნდა გადავიხადო" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

უნდა გადაიხადონ თუ არა სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა ოპოზიციონერებმა? - ხელისუფლების ოპონენტებს შორის საკითხი უთანხმოების მიზეზია. გირაოს გადახდას არ აპირებენ ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. გირაოს გადახდას არ გამორიცხავს გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ ყველა საპატიმროში ვერ იქნება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ, მისი პოზიციით, გირაოს არგადახდა მორალურად და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია.

"პლებისციტს ვერ ჩავატარებ იმასთან დაკავშირებით, ვის სად ვჭირდები უფრო მეტად. მე მაქვს ჩემი შინაგანი რწმენით ნაკარნახევი პოზიცია, რომელიც მორალურად სწორია ჩემი აზრით და პოლიტიკურადაც და ყველა სხვა მიმართულებით სწორი, რომ გირაო არ უნდა გადავიხადო. ამისთვის თუ ციხეში მოვხვდები, არ არის პრობლემა. დანარჩენი ყველამ გადაწყვიტოს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ", - აცხადებს ნიკა გვარამია.