მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

„მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფრანგულ რადიო RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით,  2008 წლის ომმა ვერ მოახერხა, საქართველოსთვის უარი ეთქმევინებინა მის პერსპექტივებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

„თავდაპირველად ვიტყვი, რომ რასაც ველოდი ევროპისგან უკვე მოხდა. ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით,  დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას; ეს ის ევროპაა, რომელიც აცნობიერებს თავის ძალას და მზადაა მის გამოსაყენებლად.  გერმანიის ცვლილება, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება  ისტორიული ფაქტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა.