მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე გადადიან - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ირაკლი ქადაგიშვილი

მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე გადადიან, - ამგვარად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ოპოზიციის შეფასებებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

„ხაზს უსვამს ამ ოპოზიციის აბსოლუტურად დესტრუქციულ, არასახელმწიფოებრივ მიდგომას, როდესაც მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე, სრულ უარყოფაზე გადადიან. რა იცი შენ, რომ უარყოფ ამას სრულად? დაელოდე გამოძიებას და მერე დაელოდე შესაბამისი დასკვნები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.