მარიამ ქვრივიშვილი: სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქტიური კომინიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, ჩვენი ამოცანაა, ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში

მარიამ ქვრივიშვილი

„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კერძო სექტორთან, რომ ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების, ასევე საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.

„მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, დისტრიბუტორები თუ სხვა, მათ შორის, პროდუქტების მწარმოებლები. ჩვენი ამოცანაა, რომ უშუალოდ, ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, აპრილის ბოლომდე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.